logo
ENG



"ჯორჯიან მანგანეზი" მოშიმშილე შუქრუთელებზე: მზად ვართ ზიანის შეფასებისა და ანაზღაურებისთვის

31 მაი 202115:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/31/bry0kwht9bnttsw.jpg

ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.

კომპანიის წარმომადგენელი შუქრუთელების პროტესტს გამოეხმაურა - ადამიანები რამდენიმე დღეა, პირამოკერილები შიმშილობენ და ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა. ისინი ზარალის ანაზღაურებს ითხოვენ.

„2 კვირის წინ უკიდურეს ფორმებს მიმართეს და მოთხოვნა ჰქონდათ, რომ შეეფასებინა სამხარაულის ბიუროს კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი, რაზეც ჩვენ დავთანხმდით და დღესაც მზად ვართ, სამხარაულის ბიუროში შევიტანოთ განცხადება, მზად ვართ ზარალის ანაზღაურებაზე.

მზად ვართ, შევაფასოთ ზიანი და ვილაპარაკოთ ზიანის ანაზღაურებაზე, ან გავაფორმოთ ის ხელშეკრულება, რაც გვაქვს, რაზეც თანხმობაა", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლის თქმით, არასწორია  ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა, რაც მედიაში გავრცელდა. 

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ანაზღაურება 5 000-10 000 ლარია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთმა [აქციის მონაწილემ] თავადვე თქვა, რომ კომპანიამ 115 000 ლარი შესთავაზა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტადაცაა შეფასებული ქონება. მეორე აქციის მონაწილის თანხა დაახლოებით 95 000 ლარია, მესამის 80 000 ლარია და არის შემთხვევა, როდესაც შეფასება 200 000 ლარზე მეტიცაა და ამ თანხებს კომპანია უნაზღაურებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საკუთრებაზე იქნება ეს სახლი, მიწა თუ სხვა, ისევ რჩება მათ საკუთრებაში", - თქვა ჩიქოვანმა.

შუქრუთელების პროტესტმა დედაქალაქში 30 მაისს გადმოინაცვლა - ისინი აშშ-ის საელჩოსთან შიმშილობენ და ელჩ კელი დეგნანს პროცესებში ჩართვას სთხოვენ.

პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები დაბზარულია და საცხოვრებლად უვარგისი, ამასთან, გართულდა მუშაობა. კომპანია კი ზიანის ანაზღაურებას არ აპირებს. 

ადგილობრივების თქმით, მათი სახლების ქვეშ ჯორჯიან მანგანეზი მანგანუმს მოიპოვებს. 

ისინი მიმდინარე პროცესებს 3 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. შუქრუთელებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართეს. 


close დახურვა